საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 83 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 358 პირი, რომელთაგან 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,100,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.