საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გიორგი ჩაფიძე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ჩაფიძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.