პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
უწყების ცნობითვე, ექსპეტრტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგადაა განვითრებული, რითაც პროკურატურა გავრცელებულ ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო, გამორიცხავს.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.