პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართა და უკვე გაწერილი პროცესების გადადება სთხოვა, ვინაიდან ბრალდებული სამკურნალოდ აპირებდა წასვლას. კერძოდ საუბარია 19-დან 30 იანვრის ჩათვლით პერიოდზე, როდესაც ავთანდილ წერეთელი ქვეყნის დატოვებას აპირებდა. აღნიშნულზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ მას სხვა დღეებში სხვა პროცესები აქვს დანიშნული. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უთხრა, რომ ამ საკითხს მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდებიან, რომელიც 15 იანვარსაა დაგეგმილი.