საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, 2015 წლის 24 ნოემბერს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას გულისხმობს. საქმე ეხება პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გატარებული არაჯეროვანი ღონისძიებების შედეგად, 2011 წლის 30 აპრილს, მსჯავრდებული კახაბერ თედლიაშვილი საკანში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიებას 34 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს.
გაწეული მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, სისხლისსამართლებრივი დევნა 39 პირის მიმართ დაიწყო. ყველა აღნიშნული კატეგორიის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.