გენერალური პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს.
"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.