საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებრივი ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს პასუხობს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ, არასწორი ფაქტების დასახელებით კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით.
„მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე”, - აცხადებენ პროკურატურაში.