2019 წლის განმავლობაში შესამოწმებლად შერჩეული 607 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი 596 დეკლარაციაზე განხორციელდა.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშშია მოცემული, შემოწმებული 596 დეკლარაციიდან პროკურატურაში გადაიგზავნა - 1 საქმე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არ კონკრეტდება, თუ რომელი თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში გამოიკვეთა ისეთი ნიშნები, რამაც საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა გამოიწვია.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 254; გაფრთხილდა - 75; სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა - 2 თანამდებობის პირზე და მონიტორინგი შეწყდა - 27 თანამდებობის პირზე.
შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო 2017-2018 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს ჯამში, 8 პირის საქმე გადაეგზავნა. თუმცა, პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა და რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის მოკვლევა.
ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.