გენერალური პროკურატურა ძალაში ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის შეთავაზებას, რომ მის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინადადება პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს დააყენა, როცა მხარეს გირაოს გადახდა შესთავაზა. თუმცა, გულუაშვილის თქმით, „ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია“.
მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.