ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" დღეს გასული წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარუდგენა. ხიდურელის ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამას ახალი მიმართულებები ემატება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბალნეოლოგიური ინდუსტრიის კომპონენტი, ტურისტული სერვისებისა და თევზჭერის კომპონენტები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 16 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მინისტრის შეფასებით, საერთო ჯამში, 2019 წელი პოზიტიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.