2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშში. მიმდინარე წელს, პროფკავშირების საქმიანობის არეალში მოექცა 99 400 ადამიანი, ხოლო გაერთიანების ძალისხმევით, მათ მიერ მიღებულმა სარგებელმა 63 მილიონს გადააჭარბა გაზრდილი ხელფასების, იძულებითი მოცდენის, კომპენსაციებისა და სხვა სიკეთეების სახით. პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, 2018 წლის მთავარ გამოწვევად, კვლავ საკანონმდებლო ინიციატივები რჩება, რაც მინიმალურ ხელფასსა და შრომის უსაფრთხობასის კანონის არასრულფასოვნად ამოქმედებაში გამოიხატება. ამასთან, პროფკავშირებში ამბობენ, რომ ქვეყანაში სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება, თუ კი სახელმწიფო მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.