დემენცია მძიმე დაავადებაა არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოდ ახლობლებისთვის. დემენციის ანუ ჭკუასუსტობის ყველაზე დიდი საშიშროება გახლავთ ის, რომ ამ დროს ადამიანები კარგავენ მეხსიერებასა და ადეკვატურად აზროვნების უნარს, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უუნარონი ხდებიან.სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ ამ პრობლემაზე და დემენციის განვითარების არიდების გზებს აქტიურად ეძებენ. ამერიკელ ნეირომეცნიერთა განცხადებით, პროფესია, რომელსაც ადამიანი ირჩევს და ცხოვრებას უძღვნის, მნიშვნელოვანწილად კავშირშია ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებასთან. მეცნიერები 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა პროფესიის 5000 პირს და პერიოდულად უტარებდნენ ტესტირებას კოგნიტიური ფუნქციების შესამოწმებლად. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა დაადგინეს ჭკუასუსტობასა და პროფესიებს შორის კავშირი. აღმოჩნდა, რომ გონებრივი სამუშაოთი დაკავებული პირები ნაკლებად ხდებიან დემენციის მსხვერპლი. ტვინისათვის ყველაზე "ჯანმრთელ" პროფესიებად გამოიყო პედაგოგობა და ექიმობა; ჭკუასუსტობა ნაკლებად ემუქრება აგრეთვე მეცნიერებს, ფინანსისტებს, განსკუთრებით ფინანსურ ანალიტიკოსებს და ავიადისპეტჩერებს. კვლევებით გაირკვა, რომ დემენციის საშიშროება ახალგაზრდა ასაკში იკვეთება და შესაბამისი ტესტირებით ადვილად შეიძლება იმის გარკვევა, ვის ემუქრება მომავალში ეს პათოლოგია.