პროექტ "ჩვენი ჯარის" ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები კასპის რაიონის სოფელ ლამისყანას საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარადგინეს. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის არსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ჯარისკაცებმა სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზეც ისაუბრეს. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.