ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ფასები ისევ იზრდება. მიმდინარე თვეში, სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, გარკვეული სახის პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირების ახალი ტალღა შეინიშნება. არადა ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა გაძვირების პირველი ეფექტი დაახლოებით ორი თვის წინ მოიტანა და მიმდინარე წლის აგვისტოში საქსტატმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,9% -ის დონეზე დააფიქსირა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ სექტემბერში ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო და იმ შემთხვევაში თუ ლარი 3-იან ნიშნულს გადასცდა, ფასები ნოემბერშიც გაიზრდება. ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ წლიური ინფლაციის ჭრილში დაახლოებით 6%-ით არის გაზრდილი ფასები სამედიცინო პროდუქტებსა და მოწყობილობებზე. სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა, მაგრამ მომხმარებელი ბოლო დროს შენიშნავდა, რომ წამლებსა და ჰიგიენის საგნებზე ფასები თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, თუ ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს წლის ბოლოს ოფიციალური ინფლაცია 7-8%-ს მიაღწევს, თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ არაოფიციალურად ფასების საერთო დონის ზრდა ორნიშნა ნიშნულს მიაღწევს.