საქართველოში რიგით მესამე წლიური კონფერენცია, სახელწოდებით - "ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში" გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერებაა. კონფერენციაში მონაწილოება 280-მა მეწარმე ქალმა მიიღო. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოში ქალები მეწარმეობის კუთხით ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას აწყდებიან. ქალი მეწარმეები, ბიზნეს სექტორში ქალთა როლის ზრდის აუცილებლობაზე მიუთითებენ. მათი თქმით, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაციული მიდგომები. ასევე იდენტური უნდა იყოს ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურება და დაწინაურების პერსპექტივები.