პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა.როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს მიუღებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე.
პრეზიდენტის შეფასბით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რაზეც ის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოსავალი გამოიძებნება და ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით.