საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.საქართველოში სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ შეასრულა.