პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს დაუბრუნდეს და ამ რეჟიმში შეიმუშავოს უკეთესი პროექტი. პრეზიდენტის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცა ხდება. ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსი მმართველ გუნდშიც კი არ არსებობდა და ეს მთელმა პროცესმა გამოაჩინა. რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ წერილით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მარგველაშვილი განკარგულებას ხელს აუცილებლად მოაწერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, სხდომას მაინც გამართავენ, რომელზეც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს.