თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული. შსს-ის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.