პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივის და სამსახურში აღდგენას მოითხოვს. საუბარია 4 პირზე, რომელიც ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.
როგორც "პალიტრანიუსს" ორგანიზაციის იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა, 4-დან ერთმა მომჩივანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქალაქო სასამართლოში დავა უკვე მოუგო და ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, ორ საქმეზე სასამართლომ პირველ ინსტანციაში უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასარგებლოდ მიიღო, 1 პირის საქმის განხილვა კი სასამართლოში ახლა იწყება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.