პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება, მთავრობის კი 1 მილიონი ლარით იზრდება. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მესამე ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება, რაც მეორე ვარიანტთან შედარებით თითქმის 40%-ით ნაკლებია. წინა ვარიანტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 9 მილიონ 800 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი კი 16 მილიონ 800 ათასი ლარი იქნება, რაც აქამდე წარდგენილ პროექტთან შედარებით ერთი მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, წინა ვარიანტში მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 15 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 60%-ით მცირდება და ახალარჩეულ პრეზიდენტს 140 თანამშრომლის ნაცვლად, 60 ეყოლება. შესაბამისად, სახელფასო ფონდიც 4 მილიონ 692 ათასი ლარიდან 2 მილიონ 300 ათას ლარამდე შემცირდება. მთავრობის ადმინისტრაციაში კი ისევ 227 ადამიანი იმუშავებს და სახელფასო ფონდიც უცვლელი - 7 მილიონ 430 ათასი ლარი იქნება.