საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პრემიერის განცხადებით, ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები, კლინიკურ, მათ შორის, მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები კლინიკების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.