საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ქონების, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების საკითხს. ასევე აღინიშნა, რომ მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.
სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.
2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.