პრემიერი-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ფერმერებს ეძლევათ სტიმული გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს დაიკავებენ და ეკონომიკას გააძლიერებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის“ საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია წარმატებული წარმოების კარგი მაგალითია, ის ყოველწლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს და პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გააქვს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ, ხოლო ფერმერებს შეფერხებების სწრაფად გადალახვის შესაძლებლობა მიეცეთ.