პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომა კორონა ვირუსზე საუბრით გახსნა. პრემიერი ამბობს რომ მთავრობა არ უნდა მოეშვას არცერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გაზარდოს კორონავირუსთან ერთობლივი ბრძოლის ეფექტიანობა. მისი თქმით, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს.
გახარიას თქმით, კორონავირუსს მცირედი ზეგავლენა ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზეც, შესაბამისად მთავრობა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავს რათა ვირუსს ეკონომუკურ ზრდაზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს.