ახლა კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველ ფაქტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ვითარება შესაბამისი უწყებების მიერ კონტროლდება.
პრემიერმა მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეჩერდება და მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად განხორციელდება.
გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობას კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირებულობა დაავალა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას.