ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. გაერო-ში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. მაღალი დონის კვირეულის გახსნას ასევე საქართველოს დელეგაცია დაესწრება. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება.