საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან შეხვედრით დაიწყო.
გიორგი გახარიამ და პენტაგონის ხელმძღვანელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.