საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერმა მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა. შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები.