ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასების და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება. მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.