საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაშიც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.