პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.
ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.
მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.