საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება.
აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით.