საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.
„საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა.„მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს პერიმეტრზე ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც,“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.