საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი.