საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას. პრემიერის თქმით, პომპეოს ვიზიტი არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორის არამედ საქართველოს მეგობრის ვიზიტია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს რომ აღნიშნულმა ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს.
მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.