პოლონეთში, გასულ დღე-ღამშეი კორონავირუსით 58 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლონეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა ჰოსპიტალიზებული, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი, პაციენტების რაოდენობამ.
„საავადმყოფოებში მკურნალობას უფრო მეტი და მეტი ადამიანი საჭიროებს, ასევე უფრო მეტი ადამიანი ხვდება რეანიმაციულ განყოფილებებში, ვინაიდან მათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროებათ. ეს ძალიან შემაშფოთებელია,“- განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალდემარ კრასკამ.
ამჟამად საავადმყოფოებში 3 800-მდე პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის 263 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, წინა კვირას კი ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2 400 იყო.