პოლონეთის ხელისუფლებამ რუსული გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ორ გემს თავისი დროშის ქვეშ ცურვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
გემები Krebs Geo და Krebs Jet გერმანულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა, გდანსკის საზღვაო პალატაში იყვნენ დარეგისტრირებული და პოლონეთის დროშის ქვეშ დაცურავდნენ. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც გემებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტისთვის დაწესებული სანქციები დაარღვიეს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, სანქციები დაუწესოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის დამზღვევ და სხვა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ გაზსადენზე მომუშავე ხომალდებთან თანამშრომლობენ. შტატების სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე მოუწოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს, შეწყვიტონ სამუშაოები.