პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ანჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. „გვჯერა, რომ დიალოგი სოციალური განვითარების ხელშეწყობისა და რეფორმებისა და პოლიტიკის განხილვის საუკეთესო გზაა“,- აღნიშნულია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში. ანჟეი დუდასა და გიტანას ნაუსედას განმარტებით, მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ბელარუსისთვის ხელსაყრელია და სურთ, რომ ამ თანამშრომლობისთვის კარი ღია დარჩეს, თავად ბელარუსმა კი ერთიან ევროპულ ოჯახთან ურთიერთობების გაძლიერება გააგრძელოს. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა.