პარლამენტის წევრის 21 წლის შვილის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპვის საქმეზე, ბრალდებული 3 პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ისინი 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მანამდე კი პოლიციელებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე სამართალდამცავის მიმართ 5 ათას ლარიან გირაოს და სამსახურიდან ჩამოცილებას ითხოვდა. საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბერს ჩაინიშნა. გამოძიება პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ახალგაზრდა შვილი ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევას 17 მაისს გამთენიისას ემსხვერპლა. ავტოავარია გორის გვირაბთან პოლიციის დევნისწ ოპერაციისას მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს. მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.