შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ უწყება მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.