რა თქმა უნდა, სკანდინავიური კინო, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუთქვეს სახელი კარლ თეოდორ დრეიერმა და ინგმარ ბერგმანმა, ზოგს მოსწონს, ზოგს კი, ნაკლებად, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული სტილის რეჟისორთა ოსტატობაზე, რომლებიც ყოველთვის კოლორიტულ, თვითმყოფად ფილმებს ქმნიან, ყველა ერთხმად თანხმდება. უფროსი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა ახალგაზრდა თაობამაც, როცა შემოქმედების სფეროდ განსხვავებული - ტელენოველის ჟანრი აირჩია და მეტწილად დეტექტივების, ტრილერების დადგმით მოიპოვა წარმატება. სწორედ დეტექტიური დრამის ჟანრს მიეკუთვნება ჰანს როზენფელდტის "ხიდიც", რომელმაც 2011 წელს ჯერ სკანდინავიელი, მერე, მსოფლიო მაყურებელი აღაფრთოვანა. ბუნებრივია, ფილმის მოქმედება შვედეთისა და დანიის სასაზღვრო - ერესუნის ხიდზე იწყება, რომელიც ევროპის ყველაზე დიდ ხიდად ითვლება. ელექტროენერგიის დროებით გათიშვის შემდეგ პოლიცია ზუსტად საზღვარზე პოულობს ქალის დამახინჯებულ ცხედარს და მეზობელი ქვეყნების პოლიციის განყოფილებებიც საგა ნურენისა და მარტინ რუდეს ხელმძღვანელობით კოლექტიურად ებმებიან დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც მხოლოდ დასაწყისია საზარელი მკვლელობების გრძელი სერიისა.