სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პირებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე შერაცხეს დამნაშავეებად, ქვეყნის მოღალატეებად. ეს არის ძალიან სახიფათო და მიუღებელი და არღვევს ამ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების კონტექსტში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლომჯარიას განმატებით, სახალხო დამცველის ოფისი საქმეში იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ჩაერთო, რაც პირთა დაკავებისა და მათთვის ბრალის წარდგენისას შეიქმნა. მისივე განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ინდივიდებსა და მათ უფლებებს, პოლიტიკურმა ფიგურებმა თავი უნდა შეიკავონ იარლიყების მიწებებისგან.