ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხს ეხება. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ "დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება, კერძოდ, სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელი. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები, საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. კვლევის შედეგად, პოლიციის საქმიანობაზე დაკვირვებით, არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა, თუმცა კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების, საზოგადოების ჯგუფების მიმართ.