სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები კიდევ ერთ სამართალდამცველზე საუბრობენ, რომელმაც, შესაძლოა, ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 22 წლის ახალგაზრდის ახლობლები დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში კვლავ დაკითხეს. როგორც ისინი აცხადებენ, შესაძლოა, სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ ერთი მსხვერპლი გარდაცვლილის მეგობარიც იყოს. ოჯახის ადვოკატი მეგობრის დაუყონებლივ დაკითხვასაც ითხოვს. დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით სიცოცხლე დაასრულა. სიკვდილის წინ მან წერილი დატოვა, რომელშიც ის პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა.