პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მან ვანო მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შესთავაზა.სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და "შარდენ ბარში" მყოფი სხვა პირების დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ მერაბ ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას განაცხადა. მოწმის სახით დაკითხვისას ბაღათურიამ აღნიშნა, რომ შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ "შარდენ ბარის" მაგიდის წევრების, შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად მერაბიშვილს გააცნო. ბაღათურია ამბობს, რომ ამის შემდეგ მინისტრმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან კონტაქტი შეწყვიტა.