ფანტასტიკურ სათავგადასავლო ფილმში „პოლარული ექსპრესი“ რობერტ ზემეკისმა მორიგი საშობაო ზღაპარი მოუთხრო მაყურებელს, თუმცა ამჯერად მთავარ პერსონაჟად სანტა-კლაუსის არსებობაში დაეჭვებული პატარა ბიჭუნა აქცია, რომელსაც ჯადოსნური მატარებლით ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობის და სანტა-კლაუსის სტუმრობის უნიკალური შანსი მიეცა.
ფილმი კრის ვან ოლსბურგის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნის მიხედვით დაიდგა, რომელმაც 1986 წელს Caldecott Medal-ის პრემია დაიმსახურა. თუმცა, მცირე ფორმატის ნაწარმოები, რომელის ძირითად ნაწილს ავტორის ილუსტრაციები შეადგენდა, რადგან ოლსბურგი, პირველ რიგში სწორედ მხატვარი იყო, ზემეკისმა საკუთარი ბავშვობის მოგონებებით, ახალი პერსონაჟებით შეავსო და პრქატიკულად თავიდან დაწერა სიუჟეტი.
სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ბავშვები ზედმეტად კრიტიკულად აფასებენ საშობაო ისტორიებს და ნაკლებად სჯერათ ოდესღაც პოპულარული პერსონაჟების, რაც გარკვეულწილად თანამედროვე კინოს „დამსახურებაცაა“, რადგან ტრადიციული საშობაო ზღაპრები მასიურად ჩაანაცვლეს ახალ რეალობას მორგებულმა კომედიებმა და ცინიკურმა პერსონაჟებმა. ზემეკისმა კი, სწორედ ტრადიციული საშობაო ზღაპრის აღდგენა და სანტა-კლაუსისთვის ჯადოსნური სტატუსის დაბრუნება სცადა, თუმცა, ფილმი არა იმდენად სიუჟეტითაა საინტერესო, რამდენადაც მისი გადმოცემის ფორმით.
„პოლარული ექსპრესი“ არც მხატვრული ფილმია, არც მულტფილმი. მის შესაქმნელად რეჟისორმა ე.წ. Motion-capture-ს ანუ „მოძრაობის დაჭერის“ მეთოდი გამოიყენა, როცა მრავალრიცხოვანი გადამცემების მორგებით დააფიქსირა მსახიობების მოძრაობა და მიღებული ინფორმაციის ბაზაზე შექმნა 3D-მოდელები, მაყურებელს კი, ერთგვარი „გაციფროვნებული“ მსახიობების ვერსია წარუდგინა ეკრანზე. სხვათაშორის, ფილმში ბავშვებიც უფროსებმა განასახიერეს, რომელთაც მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენჯერმე გადიდებული რეკვიზიტის ფონზე მოუწიათ მოქმედება.
Motion-capture-ის ტექნოლოგიამ წარმოუდგენელი შესაძლებლობები შესთავაზა კინემატოგრაფისტებს და სრულად გაანთავისუფლა მანამდე არსებული შეზღუდვებისგან, რაც „პოლარულმა ექსპრესმაც“ დაადასტურა, რადგან სწორედ თავბრუდამხვევვი ტრიუკების, არაჩვეულებრივი ეფექტების გამოყენებით გაამდიდრა ზემეკისმა თავისი ფილმი და ახალი, სრულიად უჩვეულო ვიზუალური რეალობა შექმნა ერთი შეხედვით მარტივი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორიისგან. სხვათაშორის სწორედ „პოლარული ექსრესის“ წარმატებამ გადააწყვეტინა სტივენ სპილბერგს Motion-capture-ის ტექნოლოგიის გამოყენება და ანიმაციური ფილმის „ტინტინის თავგადასავლის“ დადგმა, თავად ზემეკისმა კი ამავე მეთოდით შექმნილი კიდევ ერთი ანიმაცია „საშობაო ისტორია“ შესთავაზა პუბლიკას.
აღსანიშნავია, რომ ზემეკისი ჰოლივუდის ექსპერიმენტატორთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გააერთიანა რეალური მსახიობების და ანიმაციური პერსონაჟების თამაში ფილმში „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი?“, ყველა დროის შედევრად აღიარებულ „ფორესტ გამპში“ კი, ვიზუალური ეფექტების გამოყენებით შექმნა ამერიკის ისტორიის ერთგვარი „გამპისეული“ ქრონიკა მისივე მონაწილეობით.
მისამართი, რომელსაც ფილმის დასაწყისში კონდუქტორი ასახელებს, სრულიად რეალური მისამართია სახლისა, სადაც ზემეკისი ბავშვობაში ცხოვრობდა, Herpolsheimer's-ის მაღაზია ფოტოზე კი, რომლის ფონზე ბიჭუნაა გადაღებული, ნამდვილი სავაჭრო ცენტრია ოლბურგის მშობლიური ქალაქიდან - გრანდ რაპიდსიდან. ამერიკული არქიტექტურის ისტორია გაიხსენა რეჟსორმა და სწორედ ჩიკაგოში, პულმანის ქარხნის, მისი მიმდებარე შენობების ანალოგად შექმნა სანტა-კლაუსის ქალაქი ჩრდილოეთ პოლუსზე, სანტას ფაბრიკის მართვის ცენტრი კი, ნიუ-იორკში, Pennsylvania Station-ის ინტერიერის გამოყენებით იქნა მოდელირებული.
რეალური პროტოტიპი ჰყავს ორთქლმავალსაც, რომელიც პოლარულ ექსპრესს ქაჩავს. ლეგენდარული ორთქლმავალი Pere Marquette 1225, დღეს მიჩიგანის შტატში ქალაქ ოვოსოს სარკინიგზო ინსტიტუტის ერთ-ერთი საამაყო ექსპონატია, რომელიც არაერთხელ მოინახულა ზემეკისმა სპეციფიური ხმის - ბორბლების კაკუნის, ორთქლის გამოშვების და სტვენის ჩასაწერად. 1941 წელს გამოშვებულ ორთქლმავლზე რკინიგზის დეტარტამენტმა 10 წლის შემდეგ თქვა უარი და ჯართადაც გაიმეტა, თუმცა მიჩიგანის უნივერსიტეტმა არა მხოლოდ შეიძინა და კამპუსის ტერიტორიაზე მიუჩინა საპატიო ადგილი, არამედ აღადგინა და საექსკურსიო მატარებელიც ჩააბა ტურისტებისთვის.
მართალია, თავიდან ყველა პერსონაჟი მხოლოდ ტომ ჰენქსს უნდა განესახიერებინა, მაგრამ მსახიობი სწრაფად მოიქანცა და საბოლოოდ მხოლოდ ხუთი პერსონაჟი - მთავარი გმირი - პატარა ბიჭუნა, მისი მამა, მატარებლის გამცილებელი, შობის სული და სანტა-კლაუსი ჩაიბარა, ბიჭუნას დის და დედის განსახიერება რეჟისორის მეუღლემ - ლესლი ჰარტერ ზემეკისმა ითავა, მარტოხელა ბიჭის როლი პიტერ სკოლარიმ შეასრულა, მომღერალი ელფის ნაცვლად კი, Aerosmith-ის ლიდერმა სტივენ ტაილერმა შეასრულა ცნობილი სიმღერა Rockin On Top of the World.
აღსანინიშნავია, რომ „ფორესტ გამპისა“ და „გარიყულის“ შემდეგ „პოლარული ექსპრესი“ ჰენქსისა და ზემეკისის მესამე ერთობლივი ნამუშევარია, თუმცა ამჯერად მსახიობი არა მხოლოდ პროექტში მონაწილეობას დათანხმდა, არამედ მის ფინანსურ მხარეზეც იზრუნა. ამასთანავე, სწორედ ჰენქსის ბავშვობის ფოტოების გამოყენებით შექმნა ზემეკისმა მთავარი პერსონაჟი, რომლის სახელი ფილმის ბოლომდე უცნობი დარჩა.
მართალია, ფილმის ბიუჯეტმა 165 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2000-იანი წლების დასაწყისის ანიმაციური კინოსთვის რეკორდულ თანხად იქცა, მაგრამ ხარჯმა სრულად გაამართლა, რადგან შემოსავალმა 313 მილიონს გადააჭარბა. კომერციულად წარმატებული ფილმი „ოსკარის’ სამ ნომინაციაზეც იქნა წარდგენილი, თუმცა კინოაკადემიის პრიზის გარეშე დარჩენილი, მხოლოდ Grammy-ის პრემიას დასჯერდა „ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკალური კომპოზიციის“ კატეგორიაში, რამაც ავტორებს ფილმის საუნდთრეკის დამოუკიდებელ ალბომად გამოშვება გაადაწყვეტინა, რომელმაც კომპოზიტორ ალან სილვესტრის მუსიკასთან ერთად ცნობილი საშობაო კომპოზიციები - ფრენკ სინატრას Santa Claus Is Comin' To Town, ბინგ კროსბის White Christmas და კეტი სმიტის Silver Bells გააერთიანა.