„ქართულ ოცნებაში“ ისეთი ხისტი პოზიცია ჰქონდათ, რომ დანიელსონის არასრულფასოვან დოკუმენტსაც კი ხელი არ მოაწერეს და როგორც ჩანს, გარე წნეხისა და შესაძლოა, ნაწილობრივ შიდა ამბების გააზრების შემდეგ, პირველი ბზარი გაჩნდა მათ პოზიციაში, რომ იმ უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი ძალის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძლევა თუ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეწყდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და მოხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
გიგა ბოკერიას განმარტებით, საკითხში ნაკლებად ჩახედულებმა, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრონ, რომ ეს პოზიტიური სიგნალია, თუმცა მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის გამოსავალი.