მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA-ს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემოსავლები 32%-ით გაეზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2020 წელს ზედიზედ რამდენიმე კვარტალი კლება ჰქონდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, შემოსავლებმა 13 მილიარდ 959 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში 10 მილიარდ 596 მილიონი ევრო ჰქონდათ.
კომპანიის ყველა განყოფილებამ გაყიდვების კარგი ზრდა აჩვენა, გარდა საცალო ვაჭრობისა, რომელზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს კორონავირუსის პანდემია და შეზღუდვები საერთაშორისო ტურიზმში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავლები მოდური ტანსაცმლის სფეროში და ტყავის ნაწარმის ნაწილში 45%-ით, რეკორდულ 6 მილიარდ 738 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. საათებისა და სამკაულების გაყიდვებმა კი 138%-ით მილიარდ 883 მილიონ ევრომდე მოიმატა. ამასთან, კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან გაზრდილია 16,4%-ით 297 მილიარდ ევრომდე.