უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშენკო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს, ხოლო უკრაინის საგარეო უწყებას მიმართავს, დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად საქართველო ეწოდოს. როგორც პოროშენკომ "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ იმპერიალიზმს და ებრძვის ოკუპაციას. ამასთან, პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელში ქართულად დაწერა: "უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს".